მესამე საფეხური
» იგავები (ნაწყვეტი #2)

იგავები (ნაწყვეტი #2)

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დამეგობრდნენ, თქვეს, სოფელი ავაშენოთო!

ძაღლმა ჰკითხა: როგორ ავაშენოთო?

მამალმა უპასუხა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.

წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელამ ხმა გაიგონა, მოვიდა და მამალს ჰკითხა: მანდ რას აკეთებო?

მამალმა უთხრა: სოფელს ვაშენებთო.

მელიამ უთხრა: ჩამოდი, სახლისთვის ადგილი მომიზომეო!

მამალმა უთხრა: უფროსი მანდ წევს, გააღვიძე და მოგიზომავსო!

მელია მოტყუვდა, მივიდა ძაღლთან, გააღვიძა და უთხრა: ადექი, სახლისთვის ადგილი მინდაო.

წამოდგა ძაღლი, გამოუდგა მელიას, სცემა და კუდი მოაწყვიტა. წავიდა ნაცემი, დაგლეჯილი მელა, გორაკზე შედგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი უჭკუობით ასეთი სისულელე დამემართა და თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, იმასაც ნახავთო!

იგავები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი