დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #9)
ტყეში ღრმად შევიდნენ. მადსი და მონა გვერდიგვერდ მიდიოდნენ. ხანდახან შეჩერდებოდნენ და რაღაცას გულმოდგინედ უგდებდნენ ყურს.
- წყლის შხაპუნის ხმა მესმის! - თქვა უცებ მონამ.
- თითქოს წვიმა მოდისო, - თქვა მადსმა.
ბავშვები ისე გარბოდნენ, რომ არ აქცევდნენ ყურადღებას ღვიასა და გამხმარ ტოტებს, ხელებსა და ფეხებს რომ უკაწრავდათ. უცებ შეჩერდნენ.
პირდაპირ მათ წინ, პატარა, ჭუჭყიანი გუბურადან აქეთ-იქით შადრევანივით იფრქვეოდა შხეფები. შუაგულ გუბურაში კი იწვა მორტენი და ხელებსა და ფეხებს ატყაპუნებდა. სახეზე ჭუჭყიანი წყალი ჩამოსდიოდა.
- მორტენ! - დაუყვირა მონამ, - ჩვენ კი შეგვეშინდა, გვეგონა ზღვაში დაიხრჩვი.
- წყალი! - ხარობდა მორტენი და უფრო მეტად იწუწებოდა.
დანარჩენებმაც მოირბინეს. მათაც შემოესმათ მორტენის ხმა. მამამ მორტენი ხელში აიტაცა და ყველა უსაზღვროდ ბედნიერი იყო - ყველა, თავად მორტენის გარდა. ის ძალიან გაბრაზდა. ცოტა ხნის წინათ ისე ლაღად გრძნობდა თავს. ახლა კი ყველაფერი გათავდა.
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი: ანე კატერინე ვესტლი