კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #4)
ნიკემ აიყვანა რასმუსი ევა-ლოტას მუხლებიდან და დივანთან მიიყვანა.
- მგონი, დროა, დაიძინო, ბიჭუნი.
- ძილისგუდა კი არა ვარ, - აწუწუნდა რასმუსი, - ისედაც მთელ დღეს მეძინა.
ნიკეს ხმა არ გაუცია, ბიჭი ლოგინში ჩააწვინა.
- საბანი ფეხებქვეშ ამომიკეცე, - სთხოვა რასმუსმა, - ვერ ვიტან, როცა ფეხები გამოყოფილი მაქვს.
ოდნავ შემცბარმა ნიკემ ღიმილით გააკეთა, რაც სთხოვეს.
ბიჭს შავგვრემანი თავი ბალიშზე ედო და ჯიბის ფარნის სუსტ შუქზე საოცრად საყვარელი ჩანდა. მეგობრულად უღიმოდა ნიკეს.
- ოჰ, რა კეთილი ხარ, საყვარელო ნიკე, - თქვა მან, - ისე მაგრად უნდა მოგეხვიო, როგორც მამაჩემს ვეხვევი ხოლმე.
ნიკემ ვერ მოასწრო გაწევა და რასმუსმა, რაც შეეძლო მაგრად მოჰხვია კისერზე ხელები.
კალე ბლუმკვისტი და რასმუსი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი