პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)
- გამარჯობა, პინოკიო, - უთხრა მელამ და თავაზიანად მიესალმა.
- საიდან იცი ჩემი სახელი? - იკითხა თოჯინამ.
- შენს მამილოს ვიცნობ კარგად. გუშინ შემხვდა თავისი სახლის კართან. პერანგისამარა იდგა და სიცივისაგან კანკალებდა.
- საწყალი მამილო! მაგრამ, თუ ღმერთი ინებებს, დღეიდან აღარ აკანკალდება!..
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე დიდი ბატონი გავხდი.
- დიდი ბატონი, შენ? - მელას უკმეხი და დამცინავი ხარხარი აუვარდა.
- სასაცილო არაფერია, - ჯავრიანად დაიყვირა პინოკიომ. - ძალიან ვწუხვარ, ნერწყვი თუ მოგივათ ამის დანახვაზე. აი, ხუთი მშვენიერი ოქრო მაქვს.
- ახლა კი რა უნდა უყო ამ ფულს? - იკითხა მელამ.
- უპირველეს ყოვლისა, - მიუგო თოჯინამ, - მამილოს მშვენიერ ახალ ქურთუკს ვუყიდი, სულ მთლად ოქროსი და ვერცხლისა რომ იყოს და ღილებიც ბრილიანტისა ჰქონდეს. მერე კი ჩემთვის უნდა ვიყიდო ანბანი.
- შენთვის?
- დიახ! სკოლაში უნდა ვიარო და კარგად ვისწავლო.
- ერთი აქეთ შემომხედე! - თქვა მელამ. - სწავლის უაზრო სურვილმა თავგზა ამირია.
ამ დროს იქვე გზის პირას ბუჩქნარში ჩაბუდებულმა თეთრმა შაშვმა ჩვეული გალობა გააბა და თქვა:
- პინოკიო, ბოროტ ამხანაგებს ნუ დაუჯერებ, თორემ ინანებ!
პინოკიოს თავგადასავალი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი: კარლო კოლოდი