მესამე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ცისარტყელა და სეტყვა)

პლანეტა დედამიწა (ცისარტყელა და სეტყვა)

ცისარტყელა მზის სხივებისგან წარმოიშვება. მზის თეთრი სხივი შვიდი ფერისგან შედგება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი. როცა ეს შვიდივე ფერი ერთად არის შეერთებული, მაშინ მზის სხივს თეთრი ფერი აქვს. მაგრამ თუ წყლის ნამები ბლომად მოდის მაღლიდან და ამ დროს მათ მზე ადგება, მაშინ მზის სხივი, წყლის ნამში გავლისას, შვიდ ნაწილად იყოფა: თითოეულ ფერს ცალ-ცალკე დავინახავთ. სწორედ ამას ვეძახით ცისარტყელას. ხანდახან ორი ცისარტყელაც კი ჩნდება. ცისარტყელა ჩნდება კიდევ იქ, სადაც მდინარე მაღლიდან ქვევით გადაქუხს. მაშინაც, როცა შადრევნიდან წყალი მაღლა ადის და მას მზის სხივი ხვდება. ეს ბუნებრივი მოვლენა ძალიან ლამაზი სანახავია.

 

სეტყვა მარტო გაზაფხულზე და ზაფხულში მოდის. როცა ღრუბლებიდან წვიმა წამოვა და გზად მას ძლიერ ცივი ჰაერი ან ქარი დაუხვდება, მაშინ წვიმის წვეთები იყინება და დედამიწაზე სწრაფად რახა-რუხით ცვივა. რაც უფრო მსხვილი წვეთებია, მით უფრო მსხვილია სეტყვა. ზოგჯერ სეტყვა კაკალზე მოზრდილიც კია. სეტყვა, როგორც წესი, ცოტა ხანს მოდის.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: