მესამე საფეხური
» ცნობილი ადამიანები (ჰანს ქრისტიან ანდერსენი)

ცნობილი ადამიანები (ჰანს ქრისტიან ანდერსენი)

ჰანს ქრისტიან ანდერსენი 1805 წლის დანიის პატარა ქალაქ ოდენსში დაიბადა. იგი უბრალო ადამიანების გარემოცვაში, ჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა, მაგრამ ანდერსენისათვის ბევრი ჩვეულებრივი ამბავი არაჩვეულებრივად იქცა.

 

ბავშვობაში მოხუცების ნაამბობი მის ფანტაზიაში უმშვენიერეს ისტორიებად გადაიქცა. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო, მუშაობდა ჯერ ფეიქრის, შემდეგ მკერავის შეგირდად, 14 წლის ასაკში, ანდერსენი ტოვებს ოდენს და მიემგზავრება ქალაქ კოპენჰაგენში.

 

მას სურდა თეატრში მუშაობის დაწყება: მსახიობად, მოცეკვავედ ან მომღერლად - მას ხომ შესანიშნავი ხმა ჰქონდა. ანდერსენი ბევრს მოგზაურობდა - ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, სულ 29 ქვეყანაში იმოგზაურა. ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნება ყველაფერი ენახა, გაეცნო, ანდერსენს აუხდა.

 

მოგზაურობისას მას ყველაზე მეტად ადამიანები აინტერესებდა. ესაუბრებოდა უცნობ ადამიანებს, ეკითხებოდა მათი ცხოვრების შესახებ. იგი აგრეთვე ხვდებოდა ცნობილ მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებს. მისი არაჩვეულებრივი ნიჭი როგორც მეზღაპრისა გამომჟღავნდა მის ზღაპრებში: ,,თოვლის დედოფალი“ ,,ნამდვილი პრინცესა“ „მახინჯი იხვის ჭუკი“ და სხვა. ანდერსენს სულ 168 ზღაპარი აქვს დაწერილი, 2000-მდე ლექსი, ნოველები, რომანები, მემუარები ჩემი ცხოვრების ზღაპარი.

 

მადლიერმა დანიელმა ხალხმა ანდერსენს ძეგლი დაუდგა კოპენჰაგენში, სამეფო ბაღში. მისი ზღაპრები მსოფლიოს 152 ენაზეა თარგმნილი. ანდერსენის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილია მხატვრული და ანიმაციური ფილმები. გამოჩენილ მეზღაპრეთათვის კი დაწესებულია ანდერსენის სახელობის საერთაშორისო ოქროს მედალი.

ცნობილი ადამიანები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: