მესამე საფეხური
» სხვადასხვა (როგორ აღმოჩნდა უდაბნოში მარგალიტებით სავსე ხომალდი?)

სხვადასხვა (როგორ აღმოჩნდა უდაბნოში მარგალიტებით სავსე ხომალდი?)

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ პირქუშ უდაბნოში, მარგალიტებით სავსე ესპანური იალქნიანი ხოლმალდი უნდა იყოს ჩამარხული. იქ დღის განმავლობაში ჩრდილშიც კი 50 გრადუსი სიცხეა. სარწმუნო წყაროების მიხედვით, 1614 წელს გემი ,,სანტა მარია’’ სწორედ აქ დაიკარგა და ახლა სადღაც მოძრავ დიუნებშია ჩაფლული.

 

დღევანდელი მექსიკის ტერიტორიიდან, კალიფორნიის სანაპიროს ინდიელებთან სავაჭროდ მაშინ სამი გემი გავიდა. მათ უნდა შეესყიდათ  მარგალიტები, რომლებიც ამ სანაპიროზე უხვად მოიპოვებოდა. სამიდან ერთი გემი უკან დაბრუნდა, რადგან ინდიელების თავდასხმისას კაპიტანი დაიჭრა, მეორე რიფს დაეჯახა, ხოლო მისი ეკიპაჟი მარგალიტებიანად ,,სანტა მარიაზე’’ აიყვანეს. ამ უკანასკნელს გზა აებნა და ჩრდილოეთის მიმართულებით, მდინარე კოლორადოს აუყვა. როგორც კი კაპიტანი მიხვდა, რომ მიმართულება შეეშალა, მობრუნება სცადა, მაგრამ ამასობაში, უკან დასახევი გზა უზარმაზარმა მეწყერმა მოუჭრა. ,,სანტა მარია’’ უდაბნოში დატყვევებული აღმოჩნდა. როგორც კი სურსათის მარაგმა იკლო, გემი ღუზით საიმედოდ დაამაგრეს, რის შემდეგაც  კაპიტანმა და ეკიპაჟმა უდაბნოში გზის გაკვლევა და თავის გადარჩენა სცადეს. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა წყურვილმა და შიმშილმა იმსხვერპლა. მხოლოდ რამდენიმე კაცმა მიაღწია სამშობლომდე, რომლებმაც ხალხს გემისა და მისი მეზღვაურების ტრაგიკულ ბედზე მოუთხრეს.

 

არავინ იცის, რა ბედი ეწია ამის შემდეგ  ,,სანტა მარიას’’. ალბათ, სადღაც მოძრავ დიუნებში განისვენებს. დროდადრო, უდაბნოს მორიგი ქარიშხლის შემდეგ, დამსხვრეული ხომალდის ნარჩენი დღის სინათლეზე ჩნდება და ის იღბლიანი ოქროს მაძიებლები, რომლებიც მათ წააწყდებიან, უკან მარგალიტებით სავსე ქისებით ბრუნდებიან. უძვირფასესი ტვირთის დიდი ნაწილი კი კვლავ ქვიშაშია ჩამარხული.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: