მესამე საფეხური
» სხვადასხვა (სად ინახება ივანე მრისხანეს საგანძური?)

სხვადასხვა (სად ინახება ივანე მრისხანეს საგანძური?)

რუსეთის მეფე ივანე IV, ,,ივანე მრისხანედ’’ წოდებული, 3 წლის ასაკში გახდა ტახტის მემკვიდრე. ეს მეტსახელი ივანე IV-ს განსაკუთრებული სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო უწოდეს. მისი თანამედროვეები მოგვითხრობენ, რომ მეფემ საშინელი განრისხება იცოდა. იგი დაუნდობელი და ეჭვიანი მმართველი იყო, თუმცა, იმავდროულად, განათლებული და ხელოვნების მფარველიც. მეფე ძვირფას ქვებს, ხელოვნების ნიმუშებსა და წიგნებს აგროვებდა. იგი ფლობდა ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვებით შემკულ სამკაულებს, ასევე ჰქონდა მეტად ფასეული ბიბლიოთეკა. ამის გარდა, თვითმპყრობელი აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს, ფერწერულ ტილოებს. გადმოცემით, ამას ყველაფერს მეფე მიწისქვეშა გვირაბში ინახავდა.

 

ვინაიდან მეფე ივანე IV არავის ენდობოდა, ხუროთმოძღვარს მოსკოვის კრემლის ქვეშ გვირაბში, არსებულ ლაბირინთში რამდენიმე საიდუმლო ოთახი გააკეთებინა. ერთ-ერთ ასეთ ოთახში მან თავისი ოქრო გადამალა, დანარჩენებში მოათავსა ფერწერული ტილოები და ხელოვნების სხვა ნიმუშები, ასევე უძვირფასესი, თვალ-მარგალიტით შემკულ ყდებში ჩასმული წიგნები. შემდეგ სამალავების კარი ამოქოლეს და საგულდაგულოდ შენიღბეს. ხუროთმოძღვარს კი, მეფის ბრძანებით, თვალები დათხარეს, რათა მისგან ინფორმაცია არ გასულიყო. ასევე, სიკვდილით დასაჯეს დამხმარე მუშებიც.

 

1584 წელს მეფე გარდაიცვალა და ეს საიდუმლო სამარეში ჩაიტანა. განძის ოთახებს დღემდე ვერ მიაგნეს. 1983 წელს რუსმა სპეციალისტებმა ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით დაიწყეს ძებნა, თუმცა უშედეგოდ. აღმოაჩინეს მხოლოდ გვირაბი, უკვე გაფუჭებული აბრეშუმით სავსე ერთი ოთახი და ორი ამოქოლილი საკანი.

სხვადასხვა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: