მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (დევები)

მითები და ლეგენდები (დევები)

ქვეყნიერება რომ იქმნებოდა, დევებს უკვე მთებში სამჭედლოები ჰქონდათ მოწყობილი: პირიდან ცეცხლს, ნესტოებიდან კი ყროლ ოხშივარს აფრქვევდნენ. დევები კლდეს ძირიანად გლეჯდნენ და წყალში დგამდნენ. სახელებიც შესაფერისი ჰქონდათ: აზანზარე, მთათა მგლეჯი და ა.შ.

 

ამ დიდი დევების შთამომავლებიც არ გამოირჩეოდნენ სათნოებით. ბანჯგვლიანები, უტანსაცმლოდ დაეხეტებოდნენ. რქებს იფხანდნენ, ფრჩხილებს იჭამდნენ და თეფშებს ლოკავდნენ. მათ თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ.

 

რქების ფხანა ძალიან უჭირდათ. აბა, უშველებელ ტორებს თავამდე აწევა არ უნდოდა?! მით უმეტეს, რომ ზოგს სამი, ექვსი, ცხრა და თორმეტი თავი ჰქონდა. აი, მათი უფროსი კი სულაც ოცდაოთხთავიანი იყო. ზოგს თავზე სამ-სამი რქა წამოზრდოდა, ზოგს ერთი, ზოგსაც ცამეტი. არც თვალების საქმე ჰქონდათ უკეთ - ცალთვალიანიც ერიათ და სამთვალიანიც. 

 

დევებს ძალა ერჩოდათ. ხან ქალებს იტაცებდნენ, ხან წყალს, ხან მიწებს. ჩხუბი დაუნდობელი იცოდნენ. მოიქნევდნენ გმირს ან რაინდს და მუხლამდე ჩასვამდნენ მიწაში. ერთი თავი რომ მოგეჭრა, სამი ამოსდიოდათ და სამივე - წინამორბედი თავების მსგავსი.

 

ცუდები იყვნენ, მაგრამ, აბა, დევების დედისთვის გაგებედა და მათზე ცუდი გეთქვა?! დევებს მხოლოდ დედის ეშინოდათ. დედას წარბი რომ შეეკრა, საკვამურის მილიდან გაუჩინარდებოდნენ.

 

მერე და მერე  დიდი დევების შთამომავლები გაუსაქმურდნენ. აღარც ქალებს იტაცებდნენ, აღარც რკინას ჭედდნენ. მხარ-თეძოზე წოლასა და თამაშს არაფერი ერჩიათ.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: