მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ოჩოპინტრე)

მითები და ლეგენდები (ოჩოპინტრე)

„ოჩო“ ნახევარს ნიშნავს, „პინტრე“ - ბატონს. ოჩოპინტრე ნახევრად თხას ჰქვია. ოჩოპინტრე ოჩოფეხებით დადიოდა. ოჩოფეხებს ნახევარფეხები იმიტომ ჰქვია, რომ თუ ნამდვილი ფეხები არ მიაშველე, ვერ გაივლი. ისე კი გრძელი ჯოხებია, რომლებსაც ფეხსადგომი იმსიმაღლეზე აქვს, რომ მათზე შემდგარი, მიწას ფეხს არ აკარებ.

მოიმარჯვებდა ოჩოპინტრე ოჩოფეხებს და შემოურბენდა ტყეს. მონადირეს შენიშნავდა თუ არა, ნადირ-ფრინველს აფრთხილებდა:

-  გაერიდეთ, კაცი მოდის! გაერიდეთ! ტყეში შედით!

ოჩოპინტრე ტყეში ყიალით რომ დაიღლებოდა, კოცონთან შემომსხდარ მწყემსებს შეუერთდებოდა. ღამეს თეთრად გადაატანინებდა და ცეცხლი რომ ჩაქვრებოდა, თითქოს უჩინარი ნაბადი მოისხაო, გაუჩინარდებოდა.

ოჩოპინტრემ გაბრაზება ცუდი იცოდა.

- ოჩოპინტრე, ბედნიეროო! - ასე თუ არ ეტყოდი, სწყინდა.

ყველაზე მეტად საჩუქრები უყვარდა. ადამიანები დაარჭობდნენ ხმელ ტოტს და ზედ დაუკიდებდნენ პერანგებსა და ყანწუკებს. ისიც მოვიდოდა, აგროვებდა გოდორში საჩუქრებს, უხაროდა და იცინოდა.

ოჩოპინტრეს ოჩო სახე უცინის და ოჩო უტირის. ალბათ, სწორედ ოჩოპინტრესგან ვისწავლეთ ქართველებმა ცრემლიანი ღიმილი და ღიმილიანი ცრემლი. 

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: