მესამე საფეხური
» მითები და ლეგენდები (ოჩოკოჩი)

მითები და ლეგენდები (ოჩოკოჩი)

„კოჩი“ მეგრულად კაცს ნიშნავს, „ოჩოკოჩი“ - ნახევარკაცს. ოჩოკოჩი საშიშია - უჰ-უჰ, მტერს და ავს. კამეჩის ტანზე კაცის მხრები და მხრებზე - საზარელი თავი ადგას.  მას ბასრი ეშვები და ბანჯგვლიანი სახე აქვს, ტანზე კი ბრინჯაოს რქა ამოზრდია.

ოჩოკოჩის სხეული ცეცხლივით ანთია. თუ შურდულს ესვრი, ორივე ხელს მკერდზე იბაგუნებს და „დამიმატე, დამიმატეო!!!“ ღრიალებს.

ასეთ შემთხვევაში გონიერი ქართველი ამბობს, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო.

ოჩოკოჩი ორნაირია: დიდი და პატარა.

პატარა ოჩოკოჩებს საშიში არ ეთქმით, მაგრამ კაპასები კი არიან. ისინი სამარცხვინოდ იქცევიან  - ილანძღებიან, რაც წინ გადაეღობებათ - ამტვრევენ, ცუდ სიტყვებს ამბობენ. მათ ძალიან უყვართ ძილი და მოსვენება.

თურმე, ერთი პატარა ოჩოკოჩი მუდამ მზის გულზე ნებივრობდა და სამყაროს შეცნობას ცდილობდა. გაიხედავდა, გამოიხედავდა, თავის ღიპზე  საინტერესოს ვერაფერს დაინახავდა, დააელამებდა თვალებს და მიაშტერდებოდა მკერდზე ამოზრდილ რქას.  რქის ჩრდილი წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიგრძისა იყო. კარგად რომ დააკვირდა, ტანდაბალი ოჩოკოჩი მიხვდა, რომ საუზმის დროს ჩრდილი ერთ ადგილას იდგა, სადილის დროს - სხვა ადგილას და ვახშმობის დრო რომ მოვიდოდა, ადგილს ისევ იცვლიდა. ჩრდილზე დაკვირვებით ისწავლა მან დროის გამოცნობა. ის ტანდაბალ ოჩოკოჩებში ყველაზე დაკვირვებულ ოჩოკოჩად აღიარეს.  ახმახი ოჩოკოჩებიც კი მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, ახლა რა დროაო.

შენც დაიმახსოვრე, ტვინს ძალა თუ დაატანე, ყველა ამოცანას ამოხსნი.

მითები და ლეგენდები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: