მესამე საფეხური
» მსოფლიო საოცრებები (ევროპის ღირსშესანიშნაობები)

მსოფლიო საოცრებები (ევროპის ღირსშესანიშნაობები)

ევროპის კონტინენტზე 40-ზე მეტი ქვეყანაა და 700 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ევროპაში უდაბნოები არაა, თუმცა, ბუნება მეტად მრავალფეროვანია. ევროპაში ქვეყანათა უმეტესობას ერთ მხარეს მაინც ზღვა აკრავს. 

 

ევროპაში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რომლებიც  ევროპული ქალაქების სიმბოლოებია.  ლონდონის ცნობილი ნაგებობაა ბიგ-ბენის დიდი საათიანი კოშკი და დედოფლის ოფიციალური რეზიდენცია - ბაკინგემის სასახლე. ქალაქის ერთ-ერთი უახლესი ღირსშესანიშნაობაა „ლონდონის თვალი“ - მსოფლიოში უდიდესი „ეშმაკის ბორბალი“, რომელიც ახალი ათასწლეულის დაწყების აღსანიშნავად დაიდგა.  135 მეტრიანი ბორბლის ზედა წერტილიდან ლონდონის შთამბეჭდავი ხედი იშლება.

 

პარიზის სიმბოლოდ ითვლება ეიფელის კოშკი, რომელიც 1889 წელს გაიხსნა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. ეიფელის კოშკს წელიწადში ხუთ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. რკინის ამ ნაგებობას, რომლის სიმაღლე დაახლოებით 300 მეტრია, სამი დონე აქვს, სადაც ბევრი მაღაზია და რესტორანია მოთავსებული.

 

იტალიის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ქალაქ პიზის დახრილი კოშკი. 55 მეტრი სიმაღლის ეს სამრეკლო პიზის საკათედრო ტაძრის ნაწილია, რომლის მშენებლობაც 1173 წელს დაიწყო. ადრე სჯეროდათ, რომ გადახრილი კოშკის აგება არქიტექტორის ჩანაფიქრი იყო, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ კოშკი ჯერ კიდევ მშენებლობის დროს გადაიხარა, რადგან ნიადაგი ქვიშისა და თიხის აღმოჩნდა.

 

მსოფლიო საოცრებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: