მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

როგორც კი თოვა შეწყდა, აიღო პინოკიომ ახალი ანბანი და სკოლის გზას დაადგა.

 გულში ამას ამბობდა:

-  დღეს სკოლაში სასწრაფოდ უნდა ვისწავლო კითხვა. ხვალ წერას ვისწავლი, ზეგ -ანგარიშს. ამის მერე კი, ჩემი მარიფათის ამბავი რომ ვიცი, ბევრ ფულს ვიშოვი და პირველივე ნაშოვნით, რაც კი ჯიბეში ჩამიჩხრიალდება, მამილოს ერთ გვარიან მაუდის ქურთუკს  ვუყიდი. რა მაუდის? - მაუდის კი არა, სულ მთლად ოქროსი და ვერცხლისა უნდა იყოს, თანაც ბრილიანტის ღილებით. ეს საწყალი კაცი ნამდვილად იმსახურებს ამას: წიგნები რომ მქონოდა და განათლება მიმეღო, პერანგისამარა დარჩა... ამ სიცივეში! მხოლოდ მამებს თუ შეუძლიათ ასეთი მსხვერპლის გაღება!..

და სანამ აღელვებული ამგვარად ფიქრობდა, შორიდან სალამურების და დაფ-ნაღარის ხმა მოესმა.

გაჩერდა და მიაყურადა. ეს ხმები ერთი ძალიან გრძელი ქუჩის სიღრმიდან მოდიოდა.  

-  ეს რა მუსიკაა? საწყენია, რომ სკოლაში ვარ წასასვლელი, თორემ...

ასე დარჩა დაბნეული.  ბოლოს და ბოლოს, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

-  დღეს სალამურებს მოვუსმენ, ხვალ კი სკოლაში წავალ, სკოლისათვის ყოველთვის არის დრო, -  თქვა ბოლოს ონავარმა.

 

 

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი