მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

მარიონეტების თეატრში პინოკიოს შესვლამ ლამის რევოლუცია გამოიწვია. სცენაზე ჩანდნენ არლეკინი და პულჩინელა, რომლებიც ერთმანეთთან კინკლაობით იყვნენ გართულნი და ცოტა უკლდათ, ჩვეულებისამებრ, მუჯლუგუნებსა და ჯოხის ცემაზე არ გადასულიყვნენ.

მთელი დარბაზი გასუსულიყო და შიგადაშიგ სიცილით იჭაჭებოდა ორი მარიონეტის ჩხუბზე.

უეცრად არლეკინი წყვეტს როლის განსახიერებას, ხალხისკენ შემობრუნდება, პარტერის სიღრმეში ვიღაცისკენ  გაიშვერს ხელს და დრამატულ კილოზე შესძახებს:

- სიზმარია თუ ცხადი? როგორც გენებოთ, მაგრამ იქ, ქვემოთ, პინოკიოა!..

- მართლაც, პინოკიოა! - ყვირის პულჩინელაც.

- პინოკიო, აქეთ ამოდი, ჩემთან, - ეძახის არლეკინი, - მოდი და გადაეხვიე ხისგან გამოთლილ შენს ნათესავებს!

ამ გულთბილ მოწოდებაზე პინოკიო ერთს ისკუპებს და პარტერის ბოლოდან პირველ რიგებში მოხვდება, მერე კიდევ ერთი ნახტომით პირველი რიგებიდან თავზე მოაჯდება ორკესტრის დირიჟორს, იქიდან კი სცენაზე გადაფრინდება.

რა თქმა უნდა, სანახაობა მართლაც ამაღელვებელი იყო, მაგრამ პარტერში მსხდომი ხალხი უკმაყოფილო იყო წარმოდგენის შეჩერებით,  ამიტომაც მოთმინება დაკარგა და ყვირილს მოჰყვა:

- კომედია გვინდა! კომედია გვინდა!

 

 

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი