მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #7)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #7)

დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ჩემი დაბადების დღე მიყვარს. საუკეთესო დაბადების დღე კი შვიდი წლისა რომ შევსრულდი, მაშინ მქონდა.

დილაადრიან გავიღვიძე. იმ დროს ლასე, ბოსე და მე ერთ ოთახში ვცხოვრობდით. იმათ ეძინათ. საწოლის ჭრიალი ავტეხე, სხვანაირად ვერ გავაღვიძებდი, დაბადების დღეზე ხომ თავი უნდა მოიმძინარო, სანამ საწოლში არ მოგართმევენ საუზმესა და საჩუქრებს. ლასე და ბოსე არ იღვიძებდნენ. ეტყობა, არც ვაგონდებოდი. ვაჭრიალე და ვაჭრიალე საწოლი. როგორც იქნა, გაეღვიძა ბოსეს, წამოჯდა ლოგინზე და თმა აიჩეჩა. მერე ლასე გააღვიძა, ორივენი ფეხაკრეფით გავიდნენ ოთახიდან და კიბეს დაბლა ჩაუყვნენ. მე კი ვიწექი, სამზარეულოდან ჭურჭლის წკრიალ-ზრიალი მესმოდა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ფეხზე არ წამოვმხტარიყავი.

მაგრამ აი, გაისმა კიბეზე ფეხების ტყაპუნი. თვალები მაგრად დავხუჭე, ბრახ! - ხმაურით გაიღო კარი და ოთახში მამა, დედა, ლასე, ბოსე და ჩვენი მოახლე აგდა შემოვიდნენ. დედას ხელში ლანგარი ეჭირა, ზედ ეწყო ყვავილები, ერთი ფინჯანი კაკაო და ტორტი, რომელზეც ეწერა: „ლიზა 7“. სხვა საჩუქრები არა ჩანდა. ეს რა უცნაური დაბადების დღე მაქვს-მეთქი! - გამიელვა თავში, რომ უცებ მამამ მითხრა:

-  სწრაფად დალიე კაკაო და წავიდეთ, მოვძებნოთ, იქნებ რამე საჩუქარი ვიპოვოთო. მაშინ კი მივხვდი, რომ სიურპრიზი მელოდა, და კაკაო უცებ გადავყლურწე.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი