მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #3)

სალამურა (ნაწყვეტი #3)

პარკი, რომელსაც ამ ქალაქში რატომღაც სამოთხისას უწოდებდნენ, ერთ-ერთი უზარმაზარი შენობის თავზე იყო გაშენებული.

გარშემო მაღალი რკინის მესერი ჰქონდა შემოვლებული. უბილეთოდ ჩიტიც კი ვერ გადაფრინდებოდა.

შესასვლელში თვითონ ალე ჰოპი იდგა, ყველა ბილეთს თავისი ხელით სინჯავდა, ყალბი ბილეთები არავინ შემომაპაროსო.

სამოთხის პარკისაკენ თითქმის მთელი ქალაქი დაძრულიყო, ყველას აინტერესებდა სალამურზე დამკვრელი ბიჭუნა.

შესასვლელს სირბილაც მოადგა.

- შენი ბილეთი? - ჰკითხა ალე ჰოპმა.

ფოსტალიონ ბიჭს ჯიბეში კაპიკიც არ მოეძევებოდა. გინდა ჰქონოდა ფული, ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

ხალხი ნელ-ნელა შემოდიოდა პარკში. სირბილა ყველას ეკითხებოდა, ზედმეტი ბილეთი ხომ არა გაქვთო. სამწუხაროდ ზედმეტი ბილეთი არავის აღმოაჩნდა.

ალე ჰოპმა ცხვირწინ მიუხურა კარი და ზედ უზარმაზარი ბოქლომი დაადო. იმედგაცრუებული ბიჭი უკან გამობრუნდა, პარკის მესერს გარშემო შემოუარა, იქნებ როგორმე გადავიპაროო. გადაპარვა ყოვლად შეუძლებელი იყო, ყოველ ათ ნაბიჯზე დარაჯი იდგა.

სირბილამ მარტო სირბილი იცოდა მაგარი, ისე კი გულჩვილი იყო. იქვე მესერთან ჩამოჯდა და მწარედ ატირდა.

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური