მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #4)

სალამურა (ნაწყვეტი #4)

სალამურა ვერა და ვერ შეეჩვია ალე ჰოპთან ყოფნას. უკვე ერთი კვირა გავიდა და გარეთაც არ გაუხედავს, კოჭლი ბერიკაცი გარეთ გახედვის ნებას არ აძლევდა.

ალე ჰოპმა კედლიდან კედელზე თოკი გაჭიმა და სალამურას თოკზე სიარულს აჩვევდა. პირველ ხანებში მწყემს ბიჭუნას ძალიან უჭირდა და არც ცდილობდა თოკზე სიარულის სწავლას. საშინლად იღლებოდა, მთელი ღამე სტკიოდა ფეხის კუნთები. მაგრამ მალე მიხვდა, რომ აქაურობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევდა თავს, თუ წესიერად ივარჯიშებდა და კარგად დაეუფლებოდა თოკზე სიარულს.

ერთი კვირის შემდეგ ალე ჰოპი აღტაცებული იყო სალამურას ნიჭითა და შესაძლებლობებით.

- ყოჩაღ, ჩემო კეთილო ბიჭუნავ! შენ უკვე ჯამბაზი ხარ. მაგრამ ნამდვილ ჯამბაზობას ჯერ კიდევ ბევრი გიკლია. ახლა სალტო უნდა ვისწავლოთ. შენ იცი, რა არის სალტო? სალტო მალაყია. ჰაერში უნდა შეხტე, ამოტრიალდე და ისევ თოკზე დადგე ფეხებით.

პირველი მალაყებისათვის ზამბარებიანი ტახტი გამოიყენეს. ზამბარებიან, რბილ ტახტზე უფრო იოლი იყო ხტუნვა, თანაც, თუ დაეცემოდა, არაფერი ეტკინებოდა.

- ალე ჰოპ! - დაუყვირებდა ბებერი ჯამბაზი და სალამურა მალაყზე გადადიოდა. ასე შეეჩვია მწყემსი ბიჭუნა სალტოს.

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური