მესამე საფეხური
» იგავები (ნაწყვეტი #1)

იგავები (ნაწყვეტი #1)

იყო ერთი ცალთვალა მეფე. ჰყავდა ერთი სახელოვანი მხატვარი. მეფეს უნდოდა ამ მხატვრისთვის რამე მიზეზი ეპოვნა და უბრძანა:
- ჩემი სახე უნდა დახატო!


მხატვარმა იფიქრა: ახლა კი მოვიდა ჩემი უკანასკნელი დღე, ბრმა რომ დავხატო, მომკლავს – როგორ მაკადრეო, ორი თვალით დავხატო და თავს მომჭრის, როდის არის ჩემი მსგავსიო.


იფიქრა მხატვარმა და ეს ხერხი მოიფიქრა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა, ბრმა თვალი დაუხუჭა და თოფი ირემს დაამიზნებინა. ნახატი მეფეს მიართვა.


მეფემ მიზეზი ვერაფერი უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი.

 

იგავები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი