მესამე საფეხური
» სალამურა (ნაწყვეტი #2)

სალამურა (ნაწყვეტი #2)

დედამიწის ზურგზე მხოლოდ მწყემსმა ბიჭუნამ - სალამურამ იცოდა, სად იყო ციცინათელების ქვეყანა.

სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე მწყემსავდა ჭიამაიებს.

ჭაიამაიებს სალამურის კვნესა აღვიძებდათ. ბალახში მიმალული წითელი და ყვითელი ჭიამაიები გამოდიოდნენ და სალამურას გარშემო იყრიდნენ თავს. მწყემსი ბიჭუნა ორ ჭიამაიას გამოარჩევდა, წითელს ქარების ქვეყანაში გაგზავნიდა ამინდის გასაგებად, ყვითელს კი - წვიმის ქვეყანაში.

ერთ დღეს ორი ჭიამაია გაგზავნა სალამურამ.

მოშუადღევდა.

ჭიამაიები არ ჩანდნენ.

სალამურა ღელავდა. სოფლებიდან ხალხმაც კი მოაკითხა.

- სალამურავ, გვითხარი ხვალ როგორი დარი იქნება?

სალამურამ ვერაფერი უთხრა. ხალხი გაწბილებული გაბრუნდა, სალამურა კი ჭიამაიების საძებნელად გაეშურა.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, დიდი გზის გასაყართან შეჩერდა. უცებ დაბლა დაიხედა და რას ხედავს: ორივე ჭიამაია იქვე ბალახში ჩრდილში წამოწოლილა და არხეინად სძინავთ.

- ჰაიტ, თქვე ძილისგუდებო! - დაუყვირა სალამურამ.

გულგახეთქილი ჭიამაიები წამოცვივდნენ. იმწამსვე გაშალეს ფრთები და გასაფრენად მოემზადნენ, მაგრამ სალამურას ხმამ შეაჩერათ: ასე გინდათ იცხოვროთ ზარმაცებო? ახლავე დაბრუნდით უკან.

ჭიამაიებს შერცხვათ სალამურასი და თავი მორცხვად დახარეს.

 

 

 

სალამურა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: არჩილ სულაკაური