მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

მეორე დღეს პინოკიო საჯარო სკოლაში წავიდა.
წარმოიდგინეთ ონავარი ბიჭები, რომლებმაც დაინახეს, რომ მათ სკოლაში ხის თოჯინა შემოვიდა! ისეთი სიცილი ატეხეს, ვერა და ვერ გაჩუმდნენ. სხვადასხვა ოინს უწყობდნენ, ხელიდან ქუდს ართმევდნენ, უკნიდან ქურთუკზე ექაჩებოდნენ, ზოგს მელნით ორი უშველებელი ულვაშის მიხატვა უნდოდა, ისეთებიც კი იყვნენ, ხელებსა და ფეხებზე ძაფებს რომ აბამდნენ, რათა აეცეკვებინათ. ერთ-ერთმა მათგანმა, ყველაზე თავხედმა, ხელიც კი გაიწოდა, რომ ცხვირის წვერზე სწვდომოდა.
მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან პინოკიომ მერხის ქვეშ ფეხი გამართა და წვივის ძვალში წიხლი უთავაზა.
-  ვაი! რა მაგარი ფეხები აქვს! -  დაიყვირა ბიჭმა და დალურჯებული ადგილის ზელას მოჰყვა.
- და იდაყვები?!. ფეხებზე უფრო მაგარი! - თქვა მეორემ, რომელსაც უხამსი ხუმრობებისთვის მუცელში მოხვდა მუჯლუგუნი.
უნდა მოგახსენოთ, რომ იმ წიხლისა და მუჯლუგუნის მერე პინოკიომ ყველა ბიჭის პატივისცემა და სიმპათია დაიმსახურა. მასწავლებელიც აქებდა, რადგან ხედავდა, რომ ყურადღებიანი, ბეჯითი და ჭკვიანი იყო, სხვაზე ადრე მოდიოდა სკოლაში, სხვაზე გვიან დგებოდა ფეხზე გაკვეთილის დასრულებისას.
 
 
 

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი