მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

ჯეპეტოს საცხოვრებელი ერთი მიწისპირა ოთახი იყო, სადაც შუქი კიბის ქვემოდან შედიოდა.
შინ შესულმა ჯეპეტომ მაშინვე საჭრეთლები გამოიღო და თოჯინას გამოთლას მიჰყო ხელი. თან ფიქრობდა:
— სახელად რა შევურჩიო? პინოკიოს დავარქმევ. ეს სახელი ბედნიერებას მოუტანს.
როგორც კი თოჯინას სახელი უპოვა, საქმეც უკეთ წაუვიდა და მაშინვე გაუკეთა თმები, მერე - შუბლი და მერე კი - თვალები.
წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, როცა თვალების გამოჭრის შემდეგ შენიშნა, რომ ეს თვალები მოძრაობდა.
თვალების მერე ცხვირი გამოთალა. მაგრამ ცხვირმა, გამოთალეს თუ არა, მაშინვე ზრდა დაიწყო.
ცხვირის შემდეგ პირიც გამოჭრა.
პირი ჯერ არც იყო დამთავრებული, რომ სიცილსა და გამოჯავრებას მოჰყვა.
პირის შემდეგ ნიკაპი გამოუთალა, მერე - ყელი, მხრები, მუცელი, მკლავები და ხელის მტევნები.
როცა ფეხებიც დაასრულა, ჯეპეტომ იგრძნო, რომ ცხვირის წვერზე წიხლი მოხვდა.
მერე იღლიებში წაავლო ხელი თოჯინას და ძირს დააყენა, რომ სიარული ესწავლებინა.
პინოკიოს ფეხები დაბუჟებოდა და არც სიარული არ იცოდა, ჯეპეტოს ხელით დაჰყავდა და ისე ასწავლიდა ნაბიჯის გადადგმას.
როცა ფეხის დაბუჟებამ გაუარა, პინოკიომ თვითონ დაიწყო ოთახში სიარული და სირბილი.

 

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი