მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

ბაღში სეირნობისას გაიგონა ალ’უბალამ, როგორ ეძახდნენ ზანზალაკებივით წკრიალა ხმები:
-  სინიორ გრაფო! სინიორ გრაფო!
ალ’უბალამ სათვალე გაიკეთა და დაინახა მისივე ასაკის ბიჭი, ერთობ ცუდად ჩაცმული, მაგრამ ნათელი და სიმპათიური სახისა. მას ათიოდე წლის გოგონაც ახლდა, რომელსაც ერთ კონად შეკრული თმა აპრეხოდა ზედ კინკრიხოზე.
ალ’უბალამ ცერემონიულად დაუკრა თავი და წარმოთქვა:
- მოგესალმებით, ბატონებო. არ მაქვს პატივი, პირადად გიცნობდეთ, მაგრამ სიამოვნებით გავხდებოდი თქვენი მეგობარი.
- მაშინ ახლოს რატომ არ მოდიხარ?
- არ შემიძლია. დონ ომბალოს არ სურს, რომ სოფლის ბავშვებთან ვილაპარაკო.
- მაგრამ უკვე ხომ ვილაპარაკეთ?
- რახან ასეა, მოვალ.
ალ’უბალა მორცხვი და ზრდილი ბავშვი იყო, მაგრამ გადამწყვეტ დროს შეეძლო გმირული ნაბიჯების გადადგმაც. გაბედულად გადავიდა ბალახზე, თავისი პატარა ფეხებით გადათელა გაზონი და მიადგა თუჯის ნაჭედ რიკულებს.
- მე ბოლოკინა მქვია, - თავი გააცნო გოგონამ, - ეს კი ჩიპოლინოა.
- ძალიან სასიამოვნოა, სინიორინა. სასიამოვნოა, სინიორ ჩიპოლინო. თქვენზე უკვე ბევრი რამ მსმენია კავალერ პომიდორისაგან.
 
 
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი