მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #5)

ფოსტალიონ ობობას კი რაღა მოუვიდა?
ორი სიტყვით მოგითხრობთ მის ამბავს.
ციხის შენობიდან გამოსული მაშინვე პროსპექტს აუყვა, თანაც ტროტუარის ბორდიურს აკრული მიაბიჯებდა, რომ ეტლებს არ ჩავარდნოდა ბორბლებში. მაგრამ იქ ბეწვზე გადარჩა, რომ ველოსიპედს არ გაეტანა.
- ვაი, დედა, - აღმოხდა შეშინებულს, - ჩემი მოგზაურობა, მგონი, დაწყებამდე დამთავრდება.
იღბლად საკანალიზაციო ჭას გადაეყარა და შიგ ჩახტა. ჯერ თავიც არ ჰქონდა ჩაყოფილი, რომ გაიგონა, ვიღაც ეძახდა.
ეს ძველი ნაცნობი და მამამისის შორეული ნათესავი იყო, ისიც ერთ დროს ციხე-დარბაზის სამზარეულოში ცხოვრობდა. სახელად შვიდნახევარი ერქვა, რადგან ნახევარი საცეცი ცუდად დამიზნებულმა ცოცხმა ჩამოაგლიჯა.
კოჭლი ობობა დიდი პატივით მიესალმა და შვიდნახევარიც გვერდში ამოუდგა. გზა ერთად განაგრძეს და შვიდნახევარმა ბედნიერი წლების მოგონება დაიწყო.
დროდადრო შეჩერდებოდა ხოლმე იმის მოსაყოლად, როგორ იყო, ცოცხს რომ გადაურჩა, მაგრამ კოჭლი ფოსტალიონი ობობა შეუჩერებლად მიიწევდა წინ და გემრიელი მუსაიფის ცდუნებას არ დაჰყოლია.
 
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი