მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

სოფლის სიღრმიდან მტვრის ღრუბელი წამოიმართა და მაშინვე გაისმა ფანჯრებისა და კარების ჩაკეტვის ხმა. ადამიანები ისე შეიყუჟნენ სახლებში, თითქოს ქარიშხალი ახლოვდებოდა. ქათმები, კატები და ძაღლებიც კი მიმოიფანტნენ თავშესაფრის ძიებაში.
ჩიპოლინომ იმის შეკითხვაც კი ვერ მოასწრო, თუ რა ხდებოდა: მტვრის ღრუბელმა საშინელი ხმაურით უკვე გადაკვეთა მთელი სოფელი და სწორედ ძია გოგრას სახლის წინ შეჩერდა.
მტვერში გამოჩნდა ეტლი, რომელშიც ოთხი ცხენი იყო შებმული. ეს ცხენებიც უფრო კიტრები იყვნენ, ვიდრე ცხენები, რადგან იმ ქვეყანაში, როგორც უკვე მიხვდებოდით, ყველანი რომელიმე ხილს ან ბოსტნეულს ენათესავებოდნენ. ეტლიდან ძირს ერთობ მედიდური პიროვნება ჩამოვიდა: მწვანით მოსილს სახე წითელი და მრგვალი ჰქონდა, ლამის გასკდომის პირას მყოფი გადამწიფებული პომიდორივით.
ეს პიროვნება სწორედ კავალერ პომიდორი იყო, ალ’უბალთა საგრაფო ციხე-დარბაზის მაჟორდომი და ადმინისტრატორი. ჩიპოლინომ განსაჯა, რომ ეს ახალი ნაცნობი კარგს არაფერს უქადდა, რადგან მის მოსვლაზე ყველა გარბოდა, ამიტომ ოდნავ მოშორებით დადგომა არჩია.
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი