მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

ალ’უბალა ავად გახდა - ისე აკანკალებდა, რომ ფანჯრებიც კი ზრიალებდა. ბოდვაში განუწყვეტლივ იძახდა:
- ჩიპოლინო! ჩიპოლინო!
პომიდორმა იფიქრა, რომ ბიჭი ახლომახლო გამოჩენილმა დამნაშავემ შეაშინა.
- ხვალ დავაპატიმრებ! — უთხრა ავადმყოფს სანუგეშოდ.
- არა, არა! ძალიან გთხოვთ! არ დააპატიმროთ ჩიპოლინო! მე დამაპატიმრეთ და ყველაზე ბნელ დილეგში ჩამაგდეთ. ოღონდ ჩიპოლინოს ნუ დააპატიმრეთ. ჩიპოლინო კეთილია. ჩიპოლინო ჩემი ერთადერთი მეგობარია!
დონ ომბალომ ცხვირი მოიხოცა:
- ბოდავს! ძალიან, ძალიან მძიმე შემთხვევაა.
ექიმმა წაბლიანომ ყურადღებით გამოიკვლია ავადმყოფი: უნახა ენა და თვალის გუგები, გაუსინჯა მაჯა, დაბალი ხმით რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მერე ხელები დაიბანა და ესღა თქვა:
- სახიფათოდ სნეულია, ვინც სულ მუდამ ეულია.
- მაგით რა გსურთ შთაგვაგონოთ? — მკაცრად იკითხა პომიდორმა.
- მე არაფერს არ შთაგაგონებთ... უბრალოდ, სიმართლეს ვამბობ, თუ სიმართლის მოსმენა გინდათ. ამ ბავშვს არაფერი სჭირს, მხოლოდ ცოტაოდენი მელანქოლია. ეს სევდაა, მწუხარება. ბავშვს მეგობრები სჭირდება. რატომ არ გაუშვებთ ხოლმე სხვა ბავშვებთან სათამაშოდ?
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი