მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #2)

ჩიპოლინო ჩიპოლონეს ვაჟი იყო და შვიდი და-ძმა ჰყავდა: ჩიპოლეტო, ჩიპოლოტო, ჩიპოლუჩო და ასე შემდეგ, როგორც ხახვის ოჯახს შეეფერება. აქვე დავძენთ, რომ პატიოსანი ხალხი იყო, თუმც კი უიღბლო.
რა გასაკვირია! თუ ხახვად დაიბადე, ცრემლიც შენი ამხანაგია.
ჩიპოლონე შვილებთან ერთად ხის ქოხში ცხოვრობდა - ქოხი იმ ყუთზე ოდნავ დიდი თუ იქნებოდა, რომელშიც მემწვანილეს ჩითილები გამოჰყავს. ახლომახლო ჩავლილი მდიდრები მაშინვე ცხვირს იბზუებდნენ:
- ფუ, რა ხახვის სუნი დგას! - ასე იტყოდნენ და მეეტლეს უბრძანებდნენ, ცხენები გაექროლებინა.
ერთხელაც გუბერნატორს უნდა გამოევლო - პრინც ლიმონეს. მის კარისკაცებს დიდი აფორიაქება ეტყობოდათ:
- რას იტყვის მისი უმაღლესობა, როცა ღარიბების ამ სიმყრალეს იგრძნობს?
- სუნამო ხომ არ დაგვეფრქვია?! - აზრი გამოთქვა მსახურთუხუცესმა.
ჰოდა, ღარიბებისთვის სუნამოს მოსაფრქვევად მაშინვე გააგზავნეს ლიმონჩინოების ოცეული. მათაც ხმლები და თოფები შინ დატოვეს და მხრებზე აიკიდეს იისა და ბულგარული ვარდის სურნელოვანი ოდეკოლონით სავსე უშველებელი ბიდონები.
ჩიპოლონე, მისი შვილები და ნათესავები გარეთ გამოყარეს, კედელთან ჩაამწკრივეს და თავიდან ფეხებამდე გალუმპეს ოდეკოლონით. ისე რომ ჩიპოლინოს სურდოც კი დაემართა.
 
 
 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი