მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ზოოპარკში სიჩუმე სუფევდა.
 
დარაჯს სპილოს ბაგაში ეძინა და თავი ხორთუმზე მიედო. ღრმა ძილში იყო და ვერ გაიგონა, როცა ჩიპოლინომ და დათვმა მორიდებით დააკაკუნეს სადგომის კარებზე.
 
სპილომ სათუთად გადადო დარაჯის თავი ნამჯის გროვაზე, მერე ფეხის დაუძვრელად ხორთუმით დასწვდა კარის სახელურს, კარი გამოაღო და დაიჩურჩულა:
 
- მობრძანდით.
 
ჩვენი მეგობრები ფრთხილად შევიდნენ სადგომში.
 
- გამარჯობა, სინიორ სპილო, - თქვა ჩიპოლინომ. - მოგვიტევეთ, რომ უდროო დროს გაწუხებთ. თქვენი დახმარება გვჭირდება, რადგან თქვენი სიბრძნის ამბავი გვესმა, შეგიძლიათ გვირჩიოთ, როგორ გავაპაროთ ზოოპარკიდან ამ დათვის მშობლები?
 
- დიახ, - ეშვებში ჩაიბურდღუნა სპილომ, - ალბათ შემიძლია გირჩიოთ გაქცევის გზა, დათვების გალიის გასაღები ჩემი დარაჯის ჯიბეში დევს. ვეცდები მის გაუღვიძებლად ამოვიღო. ღრმა ძილი იცის, არ გამოფხიზლდება.
 
ჩიპოლინო და დათვი ეჭვობდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ რთული მოქმედების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ ხორთუმის საშუალებით, მაგრამ სპილომ ისე მარჯვედ გააკეთა ყველაფერი, რომ დარაჯი არც განძრეულა.
 
- აჰა, გასაღებიც, - თქვა და დარაჯის ჯიბიდან გამოიღო გასაღები. - ოღონდ აუცილებლად დამიბრუნეთ, საქმეს რომ მორჩებით.
 

 

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი