მესამე საფეხური
» ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ჩიპოლინოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ჩიპოლინომ გვიან ღამით ისეთი გრძნობით გამოიღვიძა, თითქოს მიწისქვეშა დილეგის კარზე ვიღაც აკაკუნებდა. მიაყურადა: არაფერი, თაგვის სუნთქვაც კი არ ისმოდა.

- ვიღაცას გვირაბი გაჰყავს, - დაასკვნა ჩიპოლინომ მას შემდეგ, რაც ყური საკნის კედელს მიადო. რამდენიმე წამის შემდეგ კედლიდან ჯერ მიწის ბელტები ჩამოიყარა, მერე კი აგურიც ჩამოვარდა და აგურის იქიდან კი ვიღაც თუ რაღაც ჩამოხტა იატაკზე.

- სად ჯანდაბაში მოვხვდი?! - ამოიქსუტუნა ვიღაცამ.

- საიდუმლო საკანში, - მიუგო ჩიპოლინომ, - ანუ ციხედარბაზის ყველაზე ბნელ დილეგში. ასე რომ, უნდა მაპატიოთ, თუ ვერ გიცანით და ჯეროვნად ვერ მოგესალმეთ.

- საიდუმლო? ბნელი? მაგრამ აქ ხომ თვალისმომჭრელი სინათლეა! თქვენ კი ვინ ბრძანდებით, ბოდიში მომითხოვია? ცოტა ბინდი რომ ყოფილიყო აქ, არ შეგეკითხებოდით, მე თვითონაც დაგინახავდით.

-  აჰა, მივხვდი, თქვენ, უეჭველად, თხუნელა უნდა იყოთ!

- ნამდვილად მასეა, - უპასუხა მხეცუნამ. - უკვე დიდი ხანია მინდოდა ამ მიმართულებით გამეყვანა გვირაბი, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე. მაგრამ ამ დილით კი ჩემს თავს ვუთხარი: „ქალბატონო თხუნელა, თუ თქვენ გონიერი და ქვეყნიერების გაცნობით გულანთებული პიროვნება ბრძანდებით, ნამდვილად მოვიდა დრო, რომ ამ მიმართულებით შეუდგე თხრას!“ ჰოდა, მეც გზას დავადექი და...

ჩიპოლინოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი