მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #8)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #8)

მუმინების სახლს რომ მიუახლოვდნენ, მუმინტროლმა თავის მეგობრებს სტვენით მოუხმო: თათები პირში ჩაიყო და სამჯერ გაბმით დაუსტვინა.
ყველანი მიცვივდნენ და დახუფული ქილის გარშემო მოიყარეს თავი.
- რა დაიჭირეთ? - იკითხა სნიფმა.
- ჭიანჭველალომი, - ამაყად მიუგო მუმინტროლმა.
- და ახლა ქუდში უნდა გადავსვათ, - თქვა სნორკმა.
- რომ საფრთხობელად გადაიქცეს, როგორც მე დამემართა,- დაამატა მუმინტროლმა.
სნიფი მაგიდის ქვეშ შევარდა და დაიმალა. მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და ჰემულმა ქილა ჯადოქრის ქუდის თავზე დაიჭირეს, ხოლო ფრეკენ სნორკმა ძრწოლით მოხსნა ხუფი. ჭიანჭველალომი ღრუბლებივით აბუქებულ ქვიშასთან ერთად ქუდში ჩაეზღართა, სნორკმა კი ელვის უსწრაფესად დააფარა ქუდს „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“. შემდეგ ყველანი მაგიდის ქვეშ შეცვივდნენ და დაიმალნენ.
ლექსიკონი თანდათან იზნიქებოდა და პატარავდებოდა. წიგნის ფურცლები ნელ-ნელა გამხმარ ფოთლებს დაემსგავსა. უცხო სიტყვები ფურცლებიდან გამოძვრნენ და იატაკზე გადმოცოცდნენ.
მოულოდნელად ქუდიდან პაწაწკინტელა ზღარბი ამოძვრა. გაბურძგნულმა და ერთიანად გალუმპულმა ზღარბმა ჰაერი მიყნოს-მოყნოსა და თვალები დააფახულა.
წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სნუსმუმრიკს სიცილი აუტყდა. სულის მოსათქმელად რომ შეჩერდა, დანარჩენებიც აჰყვნენ. სიცილისაგან იჭაჭებოდნენ და ჩაბჟირებულები მაგიდის ქვეშ გორაობდნენ.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი