მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #7)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #7)

- კუნძული! - დაიყვირა მუმინტროლმა.
- და მშვენიერი ნავსადგომი! - დაამატა მამა მუმინმა, ნავი მოხდენილად გაატარა მეჩეჩებს შორის და ნაპირს მიაყენა.
მუმინტროლმა თოკს დაავლო ხელი და მიწაზე ისკუპა. ნაპირი ერთბაშად გამოცოცხლდა. დედა მუმინმა სიპი ქვებისგან კერია მოაწყო, რომ მაჭკატების შესათბობად ცეცხლი გაეჩაღებინა. მერე ფიჩხი მოაგროვა, სუფრა ამოიღო, ქვიშაზე გაშალა და კუთხეები კენჭებით დაუმაგრა, ქარმა არ ააფრიალოსო.
შემდეგ ფინჯნები დააწყო, ხოლო კარაქის ქილა ჩრდილიან ადგილას, სველ სილაში, ჩაფლა. სულ ბოლოს სუფრის შუაში შროშანების თაიგული ჩადგა.
- რამეში ხომ არ მოგეხმაროთ? - ჰკითხა მუმინტროლმა.
- თქვენ კუნძული გამოიკვლიეთ, - უპასუხა დედამ, - ხომ უნდა ვიცოდეთ, სად მოვედით. ვინ იცის, რა ხიფათი გვემუქრება.
- მართალია,- სწრაფად დაეთანხმა მუმინტროლი და სნორკებთან და სნიფთან ერთად სამხრეთისაკენ გაუყვა ნაპირს. ჰემულმა ბოტანიკოსის მწვანე ჩანთა, პატარა ნიჩაბი და გამადიდებელი შუშა აიღო და პირდაპირ ტყეში შეაბიჯა იმ იმედით, რომ კუნძულზე უცნაურ, ჯერ კიდევ შეუსწავლელ მცენარეულობას მიაგნებდა.
მამა მუმინი ნაპირთან, ლოდზე, ჩამოჯდა და თევზაობას შეუდგა.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი