მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #5)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #5)

ფრეკენ სნორკს მუმინტროლის კალთაში ედო თავი და ეძინა. მუმინტროლი ფრეკენ სნორკის გასაღვიძებლად დაიხარა და უცბად საშინელი რამ დაინახა - ფრეკენ სნორკს მომხიბლავი კულულები ერთიანად შეტრუსვოდა! რას იტყოდა ფრეკენ სნორკი, როცა გაიღვიძებდა? როგორ უნდა დაემშვიდებინა მუმინტროლს?
ფრეკენ სნორკმა თვალი გაახილა და მუმინტროლს გაუღიმა.
- იცი, ძალიან უცნაური რამ მემართება, - სასწრაფოდ უთხრა მუმინტროლმა, - ამ ბოლო დროს უკულულებო გოგონები გაცილებით უფრო მომწონს, ვიდრე კულულებიანი!
- ჰოო?! - განცვიფრდა ფრეკენ სნორკი, - რატომ?
- იმიტომ, რომ კულულებიანი გოგონები ფეთხუმებს ჰგვანან, - მიუგო მუმინტროლმა.
ფრეკენ სნორკმა სასწრაფოდ ასწია თათები თმის გადასავარცხნად, მაგრამ... ხელში მხოლოდ და მხოლოდ პატარა შეტრუსული ბღუჯა შერჩა.
- ძალიან გიხდება, - ამშვიდებდა მუმინტროლი, - არა, არა, არ იტირო!
მაგრამ ფრეკენ სნორკი მიწაზე გაიშოტა და თავისი ლამაზი კულულების დაკარგვა ცხარე ცრემლით გამოიტირა.
- მე დაბადებიდან მელოტი ვარ, და უთმოდაც, ფაქტობრივად, მშვენივრად ვგრძნობ თავს! - ეუბნებოდა ჰემული.
- თავზე ზეთს წაგისვამთ და ახალი თმა ამოგივა, - უთხრა მამა მუმინმა.
- მართლა? - წამოასლოკინა ფრეკენ სნორკს.
ფრეკენ სნორკმა ტირილი შეწყვიტა და წამოჯდა.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი