მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #1)

ლენებერგელი ემილი - ასე ეძახდა ყველა პატარა ბიჭს, რომელიც სოფელ ლენებერგაში ცხოვრობდა. ძალიან ანცი და ჯიუტი იყო, შენ კი არა გგავდა. თუმც, ერთი შეხედვით, უწყინარი და დამჯერე გეგონებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ყვიროდა.

გინდა აღგიწერო? ცისფერთვალა, პირმრგვალი, ლოყებდაბრაწული, ოქროსქოჩრიანი - ერთი სიტყვით, ნამდვილი ანგელოზი იყო, ნამდვილი! მაგრამ, მგონი, უკვე მიხვდი, ასე ფიქრი რომ შეცდომაა!

ხუთი წლისა მოზვერივით ღონიერი და მოსული იყო.

ემილს ჰყავდა მამა - ანტონ სვენსონი, დედა - ალმა სვენსონი და პატარა და - იდა. სვენსონების გარდა ხუტორში ცხოვრობდნენ მოჯამაგირე ალფრედი და მოახლე ლინა.

იმ წლებში ხუტორთა მეპატრონეებს დამხმარედ მოჯამაგირეები და მოახლეები ეყენათ. მოჯამაგირეები ხნავდნენ მიწას, უვლიდნენ ცხენებს და ხარებს, თიბავდნენ ბალახს და შინ მიჰქონდათ თივა, თესავდნენ და იღებდნენ კარტოფილს. მოახლეები საოჯახო საქმეში ეხმარებოდნენ: წველიდნენ ძროხებს, რეცხავდნენ ჭურჭელს, ხეხავდნენ იატაკს, ართობდნენ ბავშვებს.

ახლა შენ უკვე იცნობ კატჰულტის მცხოვრებლებს. მოდი, ერთად ჩამოვთვალოთ: მამა ანტონი, დედა ალმა, და იდა, მოჯამაგირე ალფრედი და მოახლე ლინა. კიდევ ორი ცხენი, უღელი ხარი, რვა ძროხა, სამი ღორი, ათიოდე ცხვარი, თხუთმეტი ფრთა ქათამი, ერთი მამალი, ერთი კატა, ერთი ძაღლი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ემილი.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი