მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #4)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #4)

ფრეკენ სნორკმა და მუმინტროლმა ბაღს შემოუფრინეს, მაგრამ ჰემული არსად ჩანდა.

– შორს არსად მიდის ხოლმე, – თქვა ფრეკენ სნორკმა, – ბოლოს რომ ვნახე, თავის მარკების კოლექციას აწესრიგებდა.

უცებ ჰემულს მოჰკრეს თვალი. თათები ზურგზე შემოეწყო და თავჩაქინდრული მისეირნობდა. მუმინტროლი და ფრეკენ სნორკი სხვადასხვა მხრიდან მიეპარნენ და ერთდროულად დაუყვირეს:

– დილა მშვიდობისა!

– უჰ! – შეხტა ჰემული, – როგორ შემაშინეთ! ხომ იცით, რომ ჩემი მოულოდნელად შეშინება არ შეიძლება, გულის ფრიალი ამიტყდება ხოლმე.

– გვაპატიე, – სთხოვა ფრეკენ სნორკმა

– საოცარია,– თქვა ჰემულმა, – თუმცა თქვენგან აღარაფერი მიკვირს. თანაც ახლა ცუდ გუნებაზე ვარ.

– რა მოხდა, კიდევ მარკა დაკარგე?

– პირიქით, – ამოიხრა ჰემულმა,– ყველა მარკა მაქვს, უკლებლივ ყველა. ჩემი კოლექცია სრულყოფილია, ერთი მარკაც არ აკლია.

– მგონი ნელ– ნელა ყველაფერს ვხვდები, – დინჯად დაიწყო მუმინტროლმა,– შენ უკვე კოლექციონერი კი აღარ ხარ, არამედ – კოლექციის მფლობელი. კოლექციის მფლობელობა კი სულაც არაა საინტერესო.

– ჰო, სულაც არაა საინტერესო, – დაიჩურჩულა გულმოკლულმა ჰემულმა.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი