მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #3)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #3)

მუმინტროლი, სნუსმუმრიკი და სნიფი ვერანდაზე რომ ავიდნენ, დანარჩენებს ყავის სმა უკვე მოეთავებინათ და მიმოფანტულიყვნენ. მაგიდასთან მამა მუმინი იჯდა და გაზეთს კითხულობდა.

– მაშ, ასე, თქვენც გაგიღვიძიათ, – აღნიშნა მამამ და გაზეთს ჩახედა.

– ნახე, რა ვიპოვეთ, – ამაყად შეაწყვეტინა მუმინტროლმა, – მშვენიერი შავი ცილინდრია, შენ გამოგადგება.

მამა მუმინმა ყურადღებით დაათვალიერა ცილინდრი, მერე სასატუმრო ოთახის სარკესთან მივიდა და თავზე დაიხურა. ქუდი დიდი იყო, სარკეში მთლიანად არ გამოჩნდა, მაგრამ ცილინდრიანმა მამამ მაინც განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა.

– დედა! – დაიძახა მუმინტროლმა, – მოდი, მამას შეხედე!

დედა მუმინმა სამზარეულოს კარი გამოაღო და გაოცებული შედგა ზღურბლზე.

– მიხდება? – ჰკითხა მამა მუმინმა.

– რა თქმა უნდა, – უპასუხა დედამ, – ქუდით უფრო ვაჟკაცურად გამოიყურები. ეს კია, რომ ძალიან დიდი გაქვს.

მამა სარკის წინ შეტრიალ-შემოტრიალდა, მერე ერთი ამოიოხრა და ქუდი კამოდზე შემოდო.

– კი მაგრამ, ამას რაღა ვუყოთ? – იკითხა სნიფმა, – არადა, რა ლამაზი ქუდია!

– ქაღალდების კალათად გამოვიყენებთ, – თქვა მამა მუმინმა.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი