მესამე საფეხური
» ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #2)

ჯადოქრის ქუდი (ნაწყვეტი #2)

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, დილის ოთხ საათზე, მუმინების ხეობას პირველმა გუგულმა გადაუფრინა, მუმინების სახლის ლურჯ სახურავზე დაეშვა და რვაჯერ შემოსძახა „გუ– გუ“.

მუმინტროლს გამოეღვიძა. კარგა ხანს გაუნძრევლად იწვა და ჭერს აჰყურებდა. ვერაფრით ვერ გაერკვია, სად იმყოფებოდა. მას ხომ ას დღეს და ას ღამეს ეძინა.

მუმინტროლმა გვერდი იცვალა, რომ ძილის გასაგრძელებლად უფრო მოხერხებულად მოწყობილიყო, მაგრამ უცებ ისეთ რამეს მოჰკრა თვალი, ძილი სულ გადაავიწყდა: სნუსმუმრიკის საწოლი ცარიელი იყო.

მუმინტროლი წამოჯდა. ადგა, ღია ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა. აჰა, თურმე სნუსმუმრიკი თოკის კიბით ჩასულა ქვევით.

სველ მიწას გარკვევით აჩნდა სნუსმუმრიკის ნაკვალევი. უცებ მუმინტროლმა ცხვირი ასწია და მიაყურადა. შორიდან ტუჩის გარმონის ხმა მოისმა. ეს სნუსმუმრიკი უკრავდა თავის ყველაზე მხიარულ სიმღერას – „ბაფთებით ირთავენ კუდებს პატარა მხეცუნები“. მუმინტროლი ადგილს მოსწყდა და თავქუდმოგლეჯილი დაეშვა ფერდობზე.

ჯადოქრის ქუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი