მესამე საფეხური
» იგავები (ნაწყვეტი #3)

იგავები (ნაწყვეტი #3)

ერთი აქლემი და ერთი ვირი, ტვირთის ზიდვით რომ ზურგი ჰქონდათ გადატყვავებული, დაძმობილდნენ და თავიანთ პატრონს გაეპარნენ. კარგი საძოვარი იპოვეს და კარგადაც გასუქდნენ. დაავიწყდათ ადრინდელი სიგამხდრე და გადატყავებული ზურგები.
- ძმაო, სიმღერა მინდაო, - უთხრა ერთხელ ვირმა აქლემს.
აქლემმა დაუშალა:
-ნუ, ძმაო! აღარ გახსოვს, რა ჭირში ვიყავითო? ვაითუ ახლომახლო ადამიანები იყვნენ და უარეს დღეში ჩაგვყარონო. არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. ძალიან ხმამაღალი სიმღერა გამოუვიდა. თურმე იქვე ახლოს მოგზაურები ისვენებდნენ, აქლემები და ვირები დასცვივნოდათ. გაიგონეს ვირის ყროყინი და გაიხარეს:
-მივიდეთ და ვნახოთ, ან შენობა იქნება, ან ქარავანი, ეგებ ულაყი ვიშოვოთო.
მივიდნენ და ნახეს უპატრონოდ გაშვებული მსუქანი აქლემი და ვირი. წაიყვანეს და ორივეს მძიმე ტვირთი აჰკიდეს.
გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დავარდა. მგზავრებმა ასწიეს ვირი და თავის ტვირთიანად მის ძმობილ აქლემს დაადეს. ცოტა ხნის შემდეგ ერთ ვიწრო გზაზე გავიდნენ, რომელიც კლდის ციცაბო ნაპირს მიუყვებოდა. აქლემმა ვირს უთხრა:
- ძმაო, მინდა სამაია ვიცეკვოო.
-რა სამაიას საცეკვაო ადგილი აქ არისო? - უთხრა ვირმა.
აქლემმა უპასუხა: იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილას ცეკვა უნდაო.
გაჯავრებული აქლემი გაიმართა და ვირი კლდეზე გადააგდო.

იგავები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი