მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #8)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #8)

შინ დაბრუნების დროც დადგა. სწავლის დაწყებამდე ერთი დღეღა დარჩენილიყო. ყველას ენანებოდა განშორება ზღვასთან, ტყესთან, მაყვალთან, მწვანე ბალახთან და ყვავილებთან, ტყისა და ზღვის ჰაერთან, კოცონთან, რომელზეც საჭმელს ამზადებდნენ და რომლის გარშემო საათობით ისხდენენ საღამოობით. ქალაქში დაბრუნება მხოლოდ საბარგო მანქანას უხაროდა.

საბარგო მანქანას ქალაქის ქუჩებში სეირნობა ბევრად უფრო მოსწონდა, ვიდრე მთელ დღეს უძრავად დგომა. გარდა ამისა, ბორბლებსაც ძალიან სცხელოდათ, „სადაცაა სიცხისაგან დამისკდებიან“, - ფიქრობდა საბარგო მანქანა. თანაც ერთი საბარგო მანქანაც კი არ შეხვედრია ამ დღეებში. ამიტომ ძალიან გაუხარდა, როცა დაინახა, რომ დედა, მამა და რვა ბავშვი ემშვიდობებოდნენ ტყესა და ზღვას.

- დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ძალიან გვასიამოვნეთ.

საბარგო მანქანას კი არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ ელოდა, სანამ ყველა აბარგდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მზად იყო. მამამ ძრავა აამუშავა. წრიპა მორტენმა საყვირს ხელი დააჭირა და მანქანაც დაიძრა.

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი