მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #10)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #10)

ერთხელ იუნასმა მკითხა:

- ყველაზე მეტად რა გიყვარს, მზე, მთვარე თუ ვარსკვლავები?

მე ვუპასუხე, რომ ძალიან მომწონს მზეც და მთვარეც, მაგრამ მოციმციმე ვარსკვლავები მაინც ოდნავ უფრო მეტად მიყვარს. განსაკუთრებით ლამაზად შობას ციმციმებენ, როცა ცისკრის ლოცვაზე მივდივართ! შობა კი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.

წელს საშობაოდ თხილამურები ვინატრე და ძალიან ვნერვიულობდი, ვაითუ თოვლი არ მოვიდეს-მეთქი.

ერთ საღამოსაც, ძილის წინ, ლოტამ გადმომილაპარაკა:

- თოვლის პაპას საშობაოდ ციგის ჩუქება ვთხოვე, ახლა კი ღმერთს ვთხოვ, თოვლი მოვიდეს, თორემ, აბა, ისე ციგა რაში მარგია!

მართლაც სთხოვა ღმერთს:

- ძვირფასო ღმერთო, გემუდარები, ახლავე მოვიდეს თოვლი! იფიქრე იმ საწყალ ყვავილებზე, ახლა მიწაში რომ სძინავთ და თბილ საფარს ნატრობენ!

მე კი გამომიტყდა:

- ცოტა ვიცუღლუტე. ღმერთს არ ვუთხარი, რომ თოვლი სინამდვილეში ჩემი ციგის გამო მინდა.

წარმოიდგინეთ, მეორე დილას, როცა გავიღვიძეთ, თოვდა! 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი