მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

გოგონას სასახლეში ერთი მყუდრო და ლამაზი ოთახი გამოუყვეს. ამ ოთახში ბუხრის პირას მოიკალათებდა ხოლმე და ქარგავდა. ურჩხული კი შორიახლო ჯდებოდა და მდუმარედ შესცქეროდა. ცოტა ხანმა რომ გაიარა, გამოელაპარაკა კიდეც. ისეთი სათნო და თავაზიანი მოეჩვენა გოგონას, რომ თავისდა გასაკვირად, სიამოვნებით მოუსმინა.

გავიდა დრო და მზეთუნახავი და ურჩხული თანდათან დამეგობრდნენ. ერთ დღესაც ურჩხულმა სთხოვა, ცოლად გამომყევიო. გოგონა სახტად დარჩა, აღარ იცოდა, რა ეთქვა.

ურჩხული მიხვდა, რომ გოგონა, მართალია, შეეჩვია, მაგრამ ცოლად ვერ გაჰყვებოდა, და სიტყვა აღარ დაუძრავს.

ერთხელ ურჩხულმა მზეთუნახავს ჯადოსნური სარკე აჩუქა. ამ სარკეში გოგონას თავისი ოჯახის დანახვა შეეძლო.

- ახლა თავს მარტო აღარ იგრძნობ! - უთხრა ურჩხულმა. მზეთუნახავი იჯდა სარკის წინ და მამასა და დებს უყურებდა.

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: