მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ძალიან დიდი ხნის წინათ ტყის პირას ღარიბულ ქოხში ერთი საწყალი ტყისმჭრელი ცხოვრობდა. მას ორი შვილი ჰყავდა: ჰენზელი და გრეტელი. ბავშვებს დედა რომ მოუკვდათ, მამამ ცოლად სხვა ქალი მოიყვანა. დედინაცვალს გერები არ უყვარდა და ცუდადაც ეპყრობოდა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამიტომ ქალი სულ უჩიჩინებდა ქმარს:

- ოჯახში ბევრი მჭამელია, საჭმელი კი - ცოტაა, ყველას არ გვყოფნის, რაიმე იღონე და ეს ბავშვები როგორმე თავიდან მომაშორე!

საბრალო მამა საგონებელში ჩავარდა, აღარ იცოდა, რა ექნა.

იმ ღამეს დედინაცვალი კიდევ შეუჩნდა ქმარს და რაკი ტყისმჭრელი ვერაფერს გახდა, დილაადრიან ადგა, ბავშვებიც წამოყარა ლოგინიდან და ტყეში წაიყვანა.

ბოლოს ერთი დიდი ხის ძირას შეჩერდნენ, მამამ რაღაც მოიმიზეზა, ბავშვებს უთხრა, თქვენ აქ მომიცადეთ, მე მალე მოვბრუნდებიო და წავიდა. ამასობაში ჩამობნელდა. გრეტელს შეეშინდა და ტირილი მორთო. ჰენზელმა იცოდა, რომ მამამ შვილები ბედის ანაბარა დატოვა, მაგრამ გრეტელი მაინც ანუგეშა:

- აბა, რა გატირებს, რისი გეშინია, აქ არა ვარ? მამა რომც არ დაბრუნდეს, გზას მაინც გავიგნებთ!

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: