მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ემილმა რომ გაიგო, ვირთხა გაჩნდა, მაშინვე იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ დაეჭირა. ეშინოდა, ვაითუ კატამ ვერ დაიჭიროსო.

მთელ კატჰულტს ღრმად ეძინა. დედას, მამას და დაიკო იდას - სამზარეულოს გვერდითა საწოლ ოთახში, ლინას - სამზარეულოში, ხის ლურჯ დივანზე, ალფრედს - ფარდულის გვერდით,  თავის პატარა ოთახში, ღორებს - საღორეში, ქათმებს - ქანდარაზე, ძროხებს, ცხენებსა და ცხვრებს - მინდორში. მხოლოდ კატა იჯდა სამზარეულოში, სრულიად ფხიზელი, და ბოსელზე ოცნებობდა, რადგან იქ უფრო მეტი ვირთხა ეგულებოდა. არ ეძინა ემილსაც. ჯერ ჩუმად იწვა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, ადგა ლოგინიდან და ფრთხილად, იატაკი რომ არ აჭრიალებულიყო, თითისწვერებზე შეიპარა სამზარეულოში.

ემილმა ამოიღო ყუთიდან სათაგური, მოჭრა ქონის პატარა ნაჭერი და კაუჭს წამოაცვა.

ადგა ემილი და გაბედულად შედგა სათაგური მაგიდის ქვეშ, ზუსტად იქ, სადაც მამა ფეხებს აწყობდა ხოლმე. მერე ლოგინში ჩაწვა და კმაყოფილმა დაიძინა.

უკვე კარგად იყო გათენებული, საშინელმა ყვირილმა რომ გამოაღვიძა.
«ალბათ, ვირთხა დაიჭირეს და გახარებულები ღრიალებენ!» - გაიფიქრა ემილმა.
ამ დროს ოთახში დედამ შემოირბინა, ემილი ლოგინიდან წამოაგდო და ყურში ჩასჩურჩულა:
- ახლავე ფარდულში წადი და სანამ სათაგურიდან თითს არ გამოაძრობს, მამას არ დაენახვო, თორემ ვერაფერი გიშველის.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი