მესამე საფეხური
» ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #8)

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში (ნაწყვეტი #8)

ჯერ არც კი დაბინდებულიყო და ახალი ამბავი უკვე მთელმა სოფელმა იცოდა. ხალხი ორ ნაწილად გაიყო. ზოგი ამტკიცებდა, ჯელსომინო სასწაულმოქმედიაო, ზოგიც ჯადოქრობას სწამებდა. დავა თანდათან მწვავდებოდა, თანდათან მატულობდა, როგორც ტალღები მატულობს ზღვაზე, როცა ძლიერი ქარი ამოვარდება. ზოგან ნამდვილი ჩხუბიც გაიმართა და ერთი-ორი კაცი მსუბუქად დაზიანდა. პოლიციელები ბატებივით დაიბნენ და აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ხან ერთ ჯგუფთან მიდიოდნენ, ხან მეორესთან და ეხვეწებოდნენ, დაწყნარდითო.
ყველაზე თავგამოდებული მოჩხუბრები ჯელსომინოს ბაღისაკენ გაემართნენ.
ამდენი ხალხის დანახვაზე ჯელსომინომ იფიქრა, ნამდვილად სადმე ხანძარი გაჩნდაო. დასტაცა ვედროს ხელი და გარეთ გამოვარდა, მაგრამ დაინახა, რომ ხალხი მის სახლთან გაჩერდა. მერე ლაპარაკიც გაარჩია:
- შეხედეთ, - ყვიროდნენ ერთნი, - სასწაულმოქმედი!
- ჯელსომინო, ჩვენ ვხედავდით, რასაც აკეთებდი ბაღში: შენ მსხალს უბრძანე, დამწიფდიო და დამწიფდა, მერე უბრძანე, ჩამოცვივდიო და ჩამოცვივდა.
- რამ გადაგრიათ? - გაეცინა ჯელსომინოს. - ყველაფერი ჩემი ხმის ბრალია. საკმარისია, ერთი დავიყვირო და ჰაერი ისე შეირხევა, გეგონებათ, ქარიშხალი ამოვარდაო.
- მართალი! - დაუძახა ერთმა ქალმა. - შენს ხმას სასწაულის მოხდენა შეუძლია.
- რა სასწაული, რის სასწაული, ეგ ჯადოქარია! - აყვირდნენ სხვები.
ჯელსომინო გაბრაზდა, ვედრო მიწაზე დაახეთქა, სახლში შევარდა და კარი ურდულით გადაკეტა.

ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი