მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #7)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #7)

ლაგო-მაჯორეს ტბის პირას, სან ანტონიოში, ერთი უბრალო მანდილოსანი ქალი ცხოვრობდა. მისნაირად დედამიწის ზურგზე მურაბას ვერავინ ხარშავდა. მურაბების დრო დადგებოდა თუ არა, ქვეყნის ხალხი მოაწყდებოდა ხოლმე. ჩამოუსხდებოდნენ კარებწინ და იყო გაუთავებელი ხვეწნა-მუდარა, არა, ჯერ მე მომიხარშე, არა, ჯერ მეო.

ერთხელ ზარმაცების სოფლიდან მოადგა ერთი აბგააკიდებული ქალი. მურაბა მონდომებოდა და წამოსულიყო. გზად ტყეში რკო აეკრიფა და ის მოიტანა, რა ვქნა, სხვა ვერაფერი ვიშოვე, ამის მურაბა მომიხარშეო.

- კარგი, ვნახოთ, - უთხრა ხელმადლიანმა და მოუხარშა, მაგრამ რა მოუხარშა! ვინც გასინჯა, ყველა გაოცდა. ისეთი იყო, მურაბის უნახავს გაგხდიდა.

აქაოდა, ერთხელ რკოს მურაბა მომიხარშაო, ის ქალი მეორედაც მოადგა და ახლა მთელი კალათა ჭინჭარი მოიტანა, რა ვქნა, სხვა ვერაფერი ვიშოვე, იქნებ ჭინჭრის მურაბაც გამოვიდესო.

მაშინდელისა არ იყოს, შეეცოდა ხელმადლიანს ზარმაცების სოფლიდან მოსული ის დაბდურა ქალი და კარგი, ვნახოთო, უთხრა. კარგა ხანს ადუღა და იმისთანა ჭინჭრის მურაბა მოხარშა, სულ თითებს ჩაილოკავდი..

ოქროს ხელებმა იცის, მაგან გინდა კენჭები მოხარშოს, მაინც გემრიელი იქნებაო, ერთხმად ამბობდა ხალხი.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი