მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #2)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #2)

დედა, მამა და მათი რვა შვილი ცხოვრობდნენ ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალ სახლში. ოჯახი ხომ ასეთი დიდი იყო, ბინა კი ერთი ციდა ჰქონდათ - სულ ერთი ოთახი და სამზარეულო. ღამით მამას და დედას სამზარეულოში ეძინათ, ტახტზე; ბავშვებს კი - ოთახში. მაგრამ აბა როგორ დაეტევა ერთ კინკილა ოთახში რვა საწოლი? ცხადია, ვერ დაეტევა!

მათ არც ჰქონიათ საწოლი. ყოველ საღამოს ბავშვები იატაკზე იგებდნენ რვა ლეიბს. ასე ერჩიათ კიდეც: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთმანეთის გვერდით იწვნენ და სანამ არ მოსწყინდებოდათ, ქაქანებდნენ. მეორეც, არც ისე ცუდია ძირს წოლა, როგორც გინდა გადაგორდი, იატაკზე ტყაპანს მაინც არ მოადენ!

დღისით ლეიბებს კუთხეში ააკოკოლავებდნენ, რომ ოთახში სიხალვათე ყოფილიყო.

მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, ერთი გარემოება რომ არა - ქვემოთ ცხოვრობდა ქალი, რომელიც საშინლად ვერ იტანდა ხმაურს.

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი