მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #1)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #1)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი.

მათთან ერთად ცხოვრობდა დიდი საბარგო მანქანაც, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. ან როგორ არ ეყვარებოდათ, საბარგო მანქანა ხომ მთელ ოჯახს არჩენდა!

თუ მამის რომელიმე ნაცნობი ახალ ბინაზე გადადიოდა, აუცილებლად სთხოვდა მამას - შენი მანქანით ბარგი გადამაზიდვინეო; თუ რომელიმე მაღაზიაში სადგურიდან საქონლის გადატანა იყო საჭირო, აქაც უმისობა არ იქნებოდა, მამასთვის საბარგო მანქანა უნდა ეთხოვათ.

ერთხელ მანქანას ტყიდან უშველებელი მორების ზიდვა მოუხდა. ისე დაიღალა, რომ იძულებულები გახდნენ, ცოტა ხნით შვებულებაში გაეშვათ.

ჩვეულებრივ, მამა და საბარგო მანქანა ყოველ დილით გადიოდნენ სამუშაოზე. ამისთვის მამა ჯამაგირს იღებდა. ფულს დედას აძლევდა, დედა კი სანოვაგეს ყიდულობდა და ყველა კმაყოფილი იყო.

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი