მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #6)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #6)

მოგზაურობის გიჟიაო, რომ იტყვიან, სწორედ ჯოვანინო ჩიტირეკიაზე იყო ზედგამოჭრილი. იმდენი იარა, იმდენი იხეტიალა, თვითონაც ვერ გაიგო, როგორ მიადგა ერთ უცნაურ ქვეყანას. იმ ქვეყანაში სულ კვერცხივით მრგვალი სახლები იდგა. ქუჩების გასწვრივ მთელ სიგრძეზე ვარდი ყვაოდა და ჯოვანინოს აბა, რა გული მოუთმენდა, ერთი მაინც არ მოეწყვიტა და გულის ჯიბეში არ ჩაებნია. ისიც კარგად იცოდა, უეკლო ვარდი რომ არ არის და სანამ წაეტანებოდა, ათი თვალი გამოიბა, ხელები არ დავიჩხვლიტოო, მაგრამ ტყუილი სიფრთხილე გამოუვიდა - არაფერი შეერჭო და არც ეჩხვლიტა. ან რა უნდა შერჭობოდა, ან რას უნდა ეჩხვლიტა, როცა არც ერთ ეკალს წვერი არ ჰქონდა.

- საკვირველი ამბავია! - ხმამაღლა თქვა ჯოვანინომ.
ამის თქმა იყო და ვარდებიდან პირმოცინარე ყარაულმა ამოყო თავი.

- ალბათ, არ იცოდით, ვარდების მოწყვეტა რომ აკრძალულია, არა? - ჰკითხა მან ჯოვანინოს.

- მართალი გითხრათ, მაგაზე არც მიფიქრია. ძალიან ვწუხვარ, - უპასუხა ბიჭმა.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი