მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #4)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #4)

ერთ ზაფხულს ალისა ზღვაზე წაიყვანეს და ისე მოეწონა, წყლიდან აღარ ამოდიოდა.

- გეყოფა, ამოდი, შვილო, ალისა! - გასძახებდა ხოლმე დედამისი.

- ახლავე, ახლავე! უკვე ამოვდივარ! - გააგონებდა ალისა.

ამოსვლის მაგივრად კი ფიქრობდა: „ფეხსაც არ ამოვდგამ, სულ წყალში ვიჯდები, სანამ ფარფლები არ გამომივა და თევზად არ გადავიქცევიო.“

ერთხელაც დილაადრიან მივიდა ზღვასთან და პატარა ბიჭი დაინახა. მეთევზის შვილი იყო და ზღვის ასავალ-დასავალში თავისი ხუთი თითივით ერკვეოდა.

- აბა, თუ იცი, თევზად როგორ უნდა გადაიქცე? - შეეკითხა ალისა.

- მაგას რა დიდი ცოდნა უნდა, - უპასუხა ბიჭმა, - თუ გინდა, ახლავე გადავიქცევი.

ცხვირსახოცში გამოკრული ზღვის ნადავლი ქვაზე დადო და წყალში გადაეშვა. გავიდა ერთი წუთი, ორი, სამი, ბიჭი კი არ ჩანდა. ცოტა ხნის მერე ბიჭის მაგივრად წყლიდან დელფინმა ამოყო თავი და იქვე ალისას ფეხებთან აკუნტრუშდა, აჭყუმპალავდა.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი