მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #3)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #3)

ორი პატარა ბიჭი ეზოში მზის გულზე იჯდა და ახალ ენას იგონებდა. იმათ გარდა დედამიწის ზურგზე ის ენა არავის არ უნდა სცოდნოდა.

- საკალა, პაკალა, - თქვა ერთმა.

- საკალა, პაკალა, ბრაფ! - უპასუხა მეორემ.

და ორივენი ლამის სიცილით გაიგუდნენ.

იქვე, შორიახლო, მეორე სართულის აივანზე ერთი კეთილი ხნიერი სენიორი იჯდა და გაზეთს კითხულობდა. მოპირდაპირე მხარეს სახლის ფანჯრიდან კი ხანშიშესული სენიორა იცქირებოდა. ჩვეულებრივი ქალი იყო, არც ავი, არც კეთილი.

- მაინც რამ გამოასულელა ეს ბავშვები, ჰა? - თქვა სენიორამ.

კეთილი სენიორი არ დაეთანხმა, მე ვერაფერ სისულელეს ვერ ვატყობო, გაეპასუხა.

- თქვენ, ალბათ, იმასაც იტყვით მაგათი ქაჯურის გაგებას რა უნდა, სულ ყველაფერი მესმისო.

- მესმის, აბა არ მესმის! - შეესიტყვა კეთილი სენიორი, - ერთმა უთხრა, რა კარგი დარი გამოვიდაო, მეორემ კი უპასუხა, ხვალ უკეთესი დარი იქნებაო.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი