მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #8)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #8)

პირველსავე დღეს მამაჩემმა სამეფო ბაღში წამიყვანა. საღამოვდებოდა, სიო ხეებში თამაშობდა. ბაღს რომ მივუახლოვდით, საოცარი მუსიკა შემომესმა, გეგონებოდათ, ბროლის ათასი ზანზალაკი ერთად წკრიალებსო. ეს ჩუმი, მაგრამ საოცრად გულში ჩამწვდომი მუსიკა იყო.

- გესმის, როგორ მღერიან ჩემი ვერცხლისფერი ალვები? - მკითხა მამაჩემმა. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები მივსეირნობდით. დეიდა ედლას და ბიძია სიქსტენს ჩემთვის ხელი არასოდეს მოუკიდიათ. აქამდე არავის მოუკიდია ჩემთვის ხელი. ამიტომაც ძალიან მიყვარს, როცა მამას ასე დავყავარ. 

ბაღს გარშემო მაღალი ღობე ერტყა. მამაჩემმა პატარა ჭიშკარი შეაღო და შიგნით შევედით.

ერთხელ ბენკასთან ერთად ვაქსჰოლმში, მათ აგარაკზე, წასვლის ნება დამრთეს. მზე ჩადიოდა, ცა - წითელი, წყალი კი ძალზე მშვიდი და ანკარა იყო. გავიფიქრე, ეს ალბათ მსოფლიოში უმშვენიერესი სანახაობაა-მეთქი.

მაშინ ჯერ არ მქონდა მამაჩემის ვარდნარი ნანახი. არ მენახა მისი მშვენიერი ვარდები, ჩანჩქერივით სხვადასხვაფრად რომ  ლივლივებდნენ.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი