მესამე საფეხური
» პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #11)

პინოკიოს თავგადასავალი (ნაწყვეტი #11)

პატრუქა, მთელ სკოლაში ყველაზე უქნარა და ონავარი ყმაწვილი, პინოკიოს ძალიან უყვარდა და პირველად მისი სახლისაკენ გაეშურა, რათა საუზმეზე დაეპატიჟებინა, მაგრამ შინ ვერ იპოვა.
სად უნდა ეპოვა? აქეთ ეცა, იქით ეცა და, ბოლოს და ბოლოს, თვალი მოჰკრა ერთი გლეხური სახლის აივნის ქვეშ დამალულ პატრუქას.
- აქ რას აკეთებ? -  ჰკითხა პინოკიომ.
- შუაღამეს ველოდები, უნდა წავიდე...
- და საით გაგიწევია?
- სხვა ქვეყანაში მივდივარ საცხოვრებლად...
- და რა ჰქვია?
-  სათამაშოების ქვეყანა. შენ რატომ არ მოდიხარ?
- მე? არა, მართლა არ მინდა!
- გეშლება, პინოკიო! დამიჯერე, ინანებ. სად უნდა იპოვო ჩვენთვის, ბიჭებისათვის, იმაზე უფრო ხეირიანი ქვეყანა? იქ არ არსებობს სკოლები, იქ არ არიან მასწავლებლები, არ არის წიგნები. იმ კურთხეულ ქვეყანაში არასოდეს მეცადინეობენ. ხუთშაბათობით არ არის გაკვეთილები და ყოველი კვირა შედგება ექვსი ხუთშაბათისა და ერთი კვირადღისგან. წარმოიდგინე, რომ შემოდგომის არდადეგები პირველ იანვარს იწყება და დეკემბრის უკანასკნელ დღემდე გრძელდება.
- მაგრამ დღეებს როგორღა ატარებენ სათამაშოების ქვეყანაში?
- როგორ და დილიდან საღამომდე თამაშობენ და ერთობიან.
- ჰმ! - წარმოთქვა პინოკიომ, მერე კი ოდნავ გააქნია თავი, თითქოს ამბობდა, ასე მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდიო.

პინოკიოს თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: კარლო კოლოდი